ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია

სიტყვები  რეპროდუქცია, რეპროდუქციული ფუნქცია, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია და სხვა მსგავსი,  ხშირად მხოლოდ  განაყოფიერებასთან ასოცირებულ სიტუაციებად მოიაზრება. ეს ერთის მხრივ მართალია, რადგან იმ სისტემებსა და ორგანოებს შეეხება, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობს. მეორეს მხრივ, სრულად არ ასახავს სიტუაციას ასაკთან  და ცხოვრების ეტაპთან  დაკავშირებით. რეპროდუქციული სტრუქტურები არსებობენ მუცლადყოფნის დროს, ახალშობილობაში, ადრეულ ბავშვობაში, მოზარდობაში და გარდა საკუთრივ რეპროდუქციული ასაკისა, ხანდაზმულობაშიც. შესაბამისად, აქვთ თავისი მახასიათებლები, თავისებურებები და თანდართული პრობლემებიც. მართალია, ამ ასაკობრივ კატეგორიაში (ბავშვები და მოზარდები) კლინიკაში ვიზიტების დიდი წილი პრევენციულ (პროფილაქტიკურ) ხასიათს ატარებს, მაგრამ მაინც უმნიშვნელოვანესია სწორი ინფორმაციის მიღების, პრობლემის ნაადრევ ეტაპზე აღმოჩენის და ზოგიერთი დელიკატური და რთული სიტუაციის სწორი მიმართულების მიცემის თვალსაზრისით.

ახალშობილობასა და  ადრეულ ბავშვობაში   შესაძლოა წარმოიშვას სქესის იდენტიფიკაციასთან ასოცირებული პრობლემები (გარეგნული, ე.წ. ფენოტიპური იერსახე და სხეულის აგებულება არ შეესატყვისება ე.წ. გენოტიპს, ანუ ქრომოსომულ სქესს), რომელსაც შესაძლოა ენდოკრინული საფუძვლები ქონდეს და მნიშვნელოვანი იყოს  მისი კორექცია ბავშვობის ადრეულ ეტაპზევე. ბავშვობაში ასევე შესაძლებელია გამოიკვეთოს  ნაადრევი სქესობრივი  მომწიფების ნიშნები (8-9 წლამდე გოგონებში, 10 – 11  წლამდე ბიჭუნებში)   – სხეულის წარზიდული ნაწილების ზრდა,  მეორადი სასქესო ნიშნების ნაადრევი გაჩენა, კანის გათმიანება, სარძევე ჯიკვლების   ნაადრევი განვითარება, სისხლიანი  გამონადენი სასქესო გზებიდან გოგონებში და სხვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადრეული შეფასებისა და  სწორი მართვის თვალსაზრისით. ბიჭუნებში მნიშვნელოვანია გარეთა სასქესო ორგანოების შეფასება და პრობლემის დროს სპეციალისტის რჩევა/რეკომენდაციები (კრიპტორქიზმი/მონორქიზმი – სათესლე ჯირკვლების არარსებობა სათესლე პარკში ორმხრივი/ცალმხრივი). ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის პროცესების დროული და სწორი შეფასება. განსაკუთრებით კი ზრდაში ჩამორჩენა.  ეს არ ნიშნავს არარეალური მიზნების დასახვას სასურველ სიმაღლესთან მიმართებაში კონსტიტუციური (ანუ „გენეტიკურად, შთამომავლობით მინიჭებული“) სიმაღლისგან განსხვავებით. ზოგმა ენდოკრინულმა დარღვევამ შესაძლოა იმოქმედოს ზრდის ზონებზე და დათრგუნოს  სხეულის პერსპექტიული სიმაღლე. ამაში უდიდეს როლს თამაშობს სწორი კვება და ჭარბი წონა, რაც სამწუხაროს ბავშვებსა და მოზარდებში სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

მოზარდობა ადამიანის ჩამოყალიბების პერიოდში უმნიშვნელოვანესი ეტაპია როგორც ფიზიკური განვითარების, ისე ფსიქო-სოციალური თვალსაზრისით. მოზარდობაში (სამედ. ტერმინი – პუბერტატის პერიოდი) ხდება  სასქესო ორგანოების ზრდა/საბოლოო ფორმირება, რეგულარული მენსტრუაციული ფუნქციის ჩამოყალიბება/დასტაბილება, რეპროდუქციული სტრუქტურების მარეგულირებელი ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურების „ჩართვა“. ერთი სიტყვით  – ქალად და მამაკაცად ჩამოყალიბება. ამ პერიოდზე დიდად არის დამოკიდებული, რა იქნება შემდგომში, ზრდასრულობაში. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გოგონებში მენსტრუაციულ ფუნქციას. მენარხე – პირველი მენსტრუაციაა. ჩვენს ქვეყანაში მისი საშ. ასაკია – 12 წელი 4 თვე. შესაძლებელია ინდივიდუალურად, თავისებურებეის გათვალისწინებით 10-11 წლის ასაკშიც, 13-14 წლის ასაკშიც.  მენარხე  <10 წ ნაკლები და >16 წ-ზე მეტი ასაკში  არის შესაბამისად ნაადრევი და დაგვიანებული სქესობრივი მომწიფების ნიშანი. თუ ასეთი რამ ახასიათებდათ ოჯახის წევრებს და არ იყო ასოცირებული არც წარსული და არც მიმდინარე პერობლება სხვა კლინიკურ ნიშნებთან, შესაძლოა ჩაითვალოს თავისებურებად.  მენარხედან 1,5- 2 წლის მანძილზე  მენსტრუაციული ციკლის დარღვევის  სხვადასხვა  ფორმა (დაგვიანებული, ხშირი, შემცირებული, თუნდაც ხანგრძლივი პერიოდით; ზომიერი მტკივნეულობით) არ ითვლება პათოლოგიად და დასაშვებია. რაც ნამდვილად ექვემდებარება ყურადღებას და ექიმთან ვიზიტს, ეს არის  ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია, როცა ცხოვრების ხარისხი მკვეთრად ეცემა და ტკივილთან ერთად მასთან ასოცირებული  ესხვა ნიშნებიც ერთვება – გულისრევა, პირღებინება; ძლიერი  სისხლდენა („იუვენილური სისხლდენა“) – ჭარბი ინტენსიობის და/ან გახანგრძლივებული  მენსტრუაცია (ე.წ. მენორაგია), როცა სისხლდანაკარგი ბევრია და ჯერ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმს  სიტუაციასთან ადაპტაცია უჭირს, ყალიბდება ანემიური მდგომარეობა. ზოგ შემთხვევაში კლინიკურად  სწრაფად განვითარებადი და საკმაოდ მძიმე. ეს სიტუაციები თავისი მართვითა და კორექციით ძალიან სპეციფიურია და შესაბამის კვალიფიკაციას მოითხოვს, არ იმართება ისე, როგორც ანალოგიური პრობლემებით ზრდასრული ქალი.  განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ე.წ. ამენორეა – მენსტრუაციის არმოსვლა 16 წლამდე, რომელიც შესაძლოა სერიოზულ სამედიცინო სიტუაციებთან იყოს კავშირში.

გარდატეხის ასაკში მნიშვნელოვანია  რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის მნიშვნელოვანი  ნაწილი – ესთეტური ენდოკრინოლოგია  – სხეული მასის კვებასთან ასოცირებული პრობლემები, ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი/ჰიპერტრიქოზი);  კანის   და თმის საფარველის ცხიმიანობა (სებორეული დერმატიტი);  სტრიები/სტიგმები (დაჭიმულობის ხაზები); აკნე/კომედონები (ე.წ. ფერიმჭამელები, ზოგჯერ მეორადი დაინფიცირებით); ჭარბი ოფლის გამოყოფა (ჰიპერჰიდროზი). აღნიშნული სიმპტომები პუბერტატში ხშირად გარდამავალია, შექცევადია, თუმც არ ნიშნავს, რომ ყურადღების ღირსი არ არის – ესთეტური პრობლემები ადამიანს უცვლის ცხოვრების ხარისხს და განსაკუთრებით  ისეთ მგრძნობიარე ეტაპზე, როგორც მოზარდობის ხანაა.

ბავშვობასა და მოზარდობაში,  გარდა  ენდოკრინული პრობლემებისა შესაძლოა  სასქესო სფეროს ინფექციასთან ასოცირებული სიტუაციები და ზოგიერთი სქესობრივ ჩამოყალიბებასთან თანმხლები დელიკატური  საკითხი. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციებსაც თან ახლავს სპეციფიური მიდგომა, მოზარდისა და მშობლის ინფორმირებულობა და ადექვატური მართვა