ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია

სიტყვები  რეპროდუქცია, რეპროდუქციული ფუნქცია, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია  ხშირად  მხოლოდ  განაყოფიერებასთან  ასოცირდება. ეს ერთის მხრივ მართალია, რადგან იმ სისტემებსა და ორგანოებს  შეეხება, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობს. მეორეს მხრივ, რეპროდუქციული სტრუქტურები არსებობენ  მუცლადყოფნის დროს, ახალშობილობაში, ადრეულ ბავშვობაში, მოზარდობაში და გარდა საკუთრივ რეპროდუქციული ასაკისა, ხანდაზმულობაშიც. შესაბამისად, აქვთ თავისი მახასიათებლები, თავისებურებები და თანდართული პრობლემებიც შესაბამის  ასაკობრივ  ეტაპზე.

მართალია, ბავშვთა და მოზარდთა  ასაკობრივ კატეგორიაში კლინიკაში ვიზიტების დიდი წილი პრევენციულ (პროფილაქტიკურ) ხასიათს ატარებს, მაგრამ მაინც უმნიშვნელოვანესია სწორი ინფორმაციის  მიღება, პრობლემის  ნაადრევ  ეტაპზე აღმოჩენა და ზოგიერთი დელიკატური სიტუაციის  სწორი მართვა.

მოზარდობა ადამიანის ჩამოყალიბების პერიოდში  უმნიშვნელოვანესი  ეტაპია  როგორც ფიზიკური განვითარების, ისე ფსიქო-ემოციური და სოციალური თვალსაზრისით. მოზარდობაში (სამედ. ტერმინი – პუბერტატის პერიოდი) ხდება  სასქესო ორგანოების  ზრდა/ ფორმირება, რეგულარული მენსტრუაციული ფუნქციის ჩამოყალიბება, რეპროდუქციული სტრუქტურების მარეგულირებელი ცენტრალური ნერვული სისტემის  მექანიზმის  „ჩართვა“. ერთი სიტყვით  – ქალად და მამაკაცად ჩამოყალიბება. ამ  პერიოდზე  დიდად არის დამოკიდებული, რა იქნება  შემდგომში, ზრდასრულობაში.

ახალშობილობასა და  ადრეულ ბავშვობაში   შესაძლოა წარმოიშვას სქესის იდენტიფიკაციასთან ასოცირებული პრობლემები (გარეგნული  ე.წ. ფენოტიპური იერსახე  და სხეულის აგებულება არ შეესატყვისება ე.წ. გენოტიპს, ანუ  ქრომოსომულ სქესს), რომელსაც შესაძლოა ენდოკრინული საფუძვლები ქონდეს და მნიშვნელოვანი იყოს  მისი კორექცია ბავშვობის ადრეულ ეტაპზევე.

ბავშვობაში ასევე შესაძლებელია გამოიკვეთოს  ნაადრევი სქესობრივი  მომწიფების ნიშნები (8-9 წლამდე გოგონებში, 10 – 11  წლამდე ბიჭუნებში)   –  სხეულის წარზიდული ნაწილების ზრდა,  მეორადი სასქესო ნიშნების ნაადრევი გაჩენა, კანის გათმიანება, სარძევე ჯირკვლების   ნაადრევი განვითარება, სისხლიანი  გამონადენი სასქესო გზებიდან გოგონებში და სხვა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადრეული შეფასებისა და  სწორი მართვის თვალსაზრისით.

ბიჭუნებში მნიშვნელოვანია გარეთა სასქესო ორგანოების შეფასება და პრობლემის დროს სპეციალისტის რჩევა/რეკომენდაციები (კრიპტორქიზმი/მონორქიზმი – სათესლე ჯირკვლების არარსებობა სათესლე პარკში ორმხრივი/ცალმხრივი).

ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანია ზრდის პროცესების დროული და სწორი შეფასება. განსაკუთრებით კი ზრდაში ჩამორჩენა. ზოგიერთმა ენდოკრინულმა დარღვევამ შესაძლოა იმოქმედოს  ზრდის  ზონებზე  და დათრგუნოს  სხეულის პერსპექტიული სიმაღლე.

ბავშვობასა და მოზარდობაში,  გარდა  ენდოკრინული პრობლემებისა  შესაძლოა  სასქესო სფეროს ინფექციასთან  ასოცირებული პრობლემები  და ზოგიერთი სქესობრივ ჩამოყალიბებასთან ასოცირებული დელიკატური  საკითხი. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციებსაც თან ახლავს სპეციფიური მიდგომა, მოზარდისა და მშობლის ინფორმირებულობა და ადექვატური მართვა.

თემის ავტორი : ექიმი მეან – გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი ეკატერინე ჩომახიძე